English / ქართული / русский /
ლია ბიბილაშვილიეკატერინე აფხაიძე
რისკების მართვის აუცილებლობა კომპანიაში

ანოტაცია. რისკების მართვა XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, როგორც  დამოუკიდებელი კვლევის სფერო, რომელიც განუყოფელია ბიზნესისაგან.  უამრავი მაგალითი მეტყველებს იმაზე,რომ წარმოების რისკებისაგან სრული დაზღვევა შეუძლებელიa, მაგრამ  მისი პროგნოზირება და ნეიტრალიზება რისკმენეჯმენტის კვლევის სფეროსწარმოადგენს.       

შესავალი

რისკების მართვა ნებისმიერი ეკონომიკური პროცესის აუცილებელი და შემადგენელი ნაწილია, რადგან რისკის ზომა გავლენას ახდენს ადამიანის, ორგანიზაციის შემოსავლებთან. რისკის მართვის მიზანია ადამიანზე ან ორგანიზაციაზე მოქმედ საფრთხეებზე აქტიური კონტროლი. იგი საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე შემცირდეს სხვადასხვა რისკების ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ზარალი, კატასტროფული დანაკარგების დადგომის ალბათობა. რაც უფრო მოულოდნელია რისკი, მით უფრო მეტი რესურსია საჭირო მისი თავიდან ასაცილებლად ან მის მიერ განპირობებული შედეგების თავიდან ასაცილებლად. რაც უფრო მეტი ცოდნა გვაქვს რისკის შესახებ, მით უფრო მეტი საშუალებაა მისი მართვისათვის. ამიტომ, რისკის მართვის პროცესი რაც უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, მით უფრო ეფექტურია ადამიანის ან ორგანიზაციის საქმიანობა. 

* * *

რისკის და მისგან განპირობებული ზარალის აცილების ეფექტური საშუალებებია: რისკის მართვა და დაზღვევა. რისკის მართვა წარმოადგენს რისკის და მისი შედეგების თავიდან აცილების ან შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობას.

რისკების მართვის სისტემა მოითხოვს დიდ დანახარჯებს და, ამიტომაც, ძირითადად მსხვილი კორპორაციებისათვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით ყველა კომპანიას, მათი სიდიდის მიუხედავად, შეუძლია დანერგოს ამ სისტემის ცალკეული ელემენტები, კერძოდ  გამოყოს  ძირითადი რისკები  და გაატაროს ღონისძიებები  მათ შესამცირებლად. დღეს ნებისმიერი კომპანია, ასე თუ ისე, მართავს რისკებს. ერთნი აფასებენ რისკებს მათი დადგომის შემდეგ, რომლებმაც უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაკარგები, ხოლო მეორენი ამ საქმიანობას ეწევიან გამუდმებით და გეგმაზომიერად. იმისათვის, რომ რისკების მართვის სისტემა იყოს ქმედითი, აუცილებელია, კომპანიის მენეჯმენტი გაერკვეს რისკმენეჯმენტის ტექნოლოგიაში, განახორციელოს რისკების დიაგნოსტიკა, შეაფასოს მათი წარმოშობის ალბათობა და შესაძლო დანაკარგები, ორგანიზება გაუკეთოს რისკების მართვას.

პირველ რიგში კომპანიამ უნდა განსაზღვროს, თუ რა ჩაითვლება რისკად, როგორია მისი სახეები და განმსაზღვრელი ფაქტორები, რას ნიშნავს ,,რისკების მართვა“ და როგორია მისი მართვის სისტემის შემადგენლები.

რისკები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგი სახით:

სტრატეგიული რისკები: ორგანიზაციის გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებული რისკები, კაპიტალის არსებობა, პოლიტიკური გარემოს დინამიკა, კანონმდებლობის ცვლილებები, ბუნებრივი გარემოს ცვლილებები, რეპუტაცია და იმიჯი.

ოპერაციული რისკები: ორგანიზაციის ყოველდღიურ საკითხებთან დაკავშირებული რისკები.  საფინანსო რისკები: ორგანიზაციის ფინანსების მართვა, საკრედიტო საშუალებები, ვალუტის კურსის ცვლილება, პროცენტული განაკვეთის დინამიკა;

საკანონმდებლო შესაბამისობის რისკები: კანონმდებლობასთან შესაბამისობა შრომის დაცვის, გარემოს დაცვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, უსაფრთხოების წესების დაცვის მხრივ.

ქონებრივი რისკები: რისკები, დაკავშირებული შენობა-ნაგებობებთან, შიგთავსთან, საინფორმაციო და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, აღრიცხვის, საბუღალტრო-ფინანსურ დოკუმენტაციასთან, ფასიან ქაღალდებთან, ავტომობილებთან, საკომუნიკაციო საშუალებებთან.

საინფორმაციო რისკები: ინტელექტუალური საკუთრება, ინფორმაციის წყაროები, ინფორმაციის შენახვა და გამოყენება, ცოდნისა და ინფორმაციის გამოყენების თანამედროვე ტექნოლოგიები.

პასუხისმგებლობის რისკები: უხარისხო პროდუქცია, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, მესამე პირთა ინტერესების შელახვა, მომატებულ საფრთხესთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.

ბიზნესრისკები: წარმოების გაჩერება, მომარაგება, ლოგისტიკა, კონკურენცია, მარკეტინგი. ადამიანური რესურსების რისკები: ტრავმა, ჯანმრთელობის გაუარესება, გარდაცვალება, უმუშევრობა, სოციალური ვალდებულებები.

უკანონო ქმედებების რისკები: თაღლითობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ინტელექტუალური საკუთრება, საინფორმაციო უსაფრთხოება.

შემდგომ ეტაპზე კომპანია ახდენს რისკების ძირითადი სახეების იდენტიფიცირებას, რომლებიც დამახასიათებელია მისი ბიზნესისათვის. არსებობს რისკების გამოვლენისადმი ორი მიდგომა - კონსერვატიული და პროგრესული. კონსერვატიული მიდგომის დროს, რომელსაც იყენებს მრავალი კომპანია, რისკების იდენტიფიცირება (დიაგნოსტიკა) ხორციელდება ან ყოველწლიურად, ან საჭიროების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, რისკების განსაზღვრა ან შეფასება ხდება მოვლენის დადგომის შემდეგ.

პროგრესული მიდგომა, რომელსაც იყენებენ წამყვანი კომპანიები,  გულისხმობს რისკების გამოვლენის უწყვეტ პროცესს, რომელშიც მონაწილეობს კომპანიის ყველა თანამშრომელი, ხოლო გენერალური და ფინანსური დირექტორები ახორციელებენ საერთო კოორდინაციას.  რისკმენეჯმენტის სისტემის აგების მომენტში პრობლემები ხშირად წარმოიშობა  იმის გამო, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს არ ესმით, თუ ეს სისტემა როგორ იმუშავებს და რა გავლენას მოახდენს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ამიტომ, რისკების მართვის სისტემის დანერგვა უნდა დაიწყოს კომპანიის საქმიანობის იმ სეგმენტებიდან, რომლებშიც რისკი უფრო თვალსაჩინოა. მაგალითად, შესაძლებელია დარეგულირდეს საწარმოო ან სავალუტო რისკების მართვა, შედარდეს კომპანიის საქმიანობის შედეგები სხვადასხვა პირობებში, ამ რისკების მართვის დაწყებამდე და მის შემდეგ, ხოლო მიღებული შედეგები მიეწოდოს კომპანიის ტოპმენეჯერებს. ამის შემდგომ შესაძლებელია რისკების მართვის სისტემის გავრცელება კომპანიის საქმიანობის სხვა სფეროებზეც.

რისკების დიაგნოსტიკის მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება: ანკეტირება, ინტერვიუირება, საექსპორტო შეფასება და რისკების აუდიტი. რისკების გამოვლენის დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა მოხდეს რისკების რანჟირება დადგომის ალბათობისა და მოსალოდნელი ზარალის მოცულობის მიხედვით. სასურველია, გამოვლენილი რისკების შეფასება როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. უდავოა, რომ რისკების ხარისხობრივი შეფასება უფრო მარტივია, მაგრამ ნაკლებად ზუსტი და არასაიმედოა.  ამიტომ, შეძლებისდაგვარად, კომპანიები ცდილობენ გამოიყენონ რისკების რაოდენობრივი შეფასება.

კომპანიის რისკმენეჯმენტის ამოცანა უნდა იყოს, რომ განახორციელოს რისკების ანალიზი და მოახდინოს მათი ეკონომიკური შეფასება. კომპანიის რისკების მართვის ორგანომ უნდა შესთავაზოს ხელმძღვანელობას ღონისძიებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანიას, მოახდინოს სარისკო მოვლენების შედეგების მინიმიზაცია, შეიმუშაოს პოზიცია ამა თუ იმ რისკის მიმართ − ან მიიღოს ეს რისკი, ან თავი აარიდოს მას. მეთოდები, რომლებსაც ყველაზე უფრო ხშირად იყენებენ კომპანიის რისკმენეჯერები რისკების მართვის პროცესში, შემდეგია: რისკის თავიდან აცილება, რისკის შეკავება, რისკის გადაცემა, რისკის შემცირება, რისკების დაზღვევა.

თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოს წამყვან კომპანიებში რისკმენეჯმენტის სისტემა მოიცავს მათი საქმიანობის ყველა დონეს. ვინაიდან ოპერაციულ რისკებთან შეხება აქვს კომპანიის პრაქტიკულად ყველა ქვეგანყოფილებას, ამიტომ მუშაობა მათი გამოვლენისათვის მიმდინარეობს ყოველ მათგანში. ქვეგანყოფილებები იძლევიან სარისკო მოვლენის დადგომის ალბათობის ექსპერტულ შეფასებას და ახორციელებენ მთლიანობაში კომპანიისათვის შესაძლო შედეგების სასცენარო ანალიზს. კომპანიის რისკების მართვის ორგანო აგროვებს, აანალიზებს და კონსოლიდაციას უკეთებს მიღებულ ინფორმაციას, ეხმარება ქვეგანყფილებებს, შეიმუშაონ მოქმედების გეგმა, რომელიც მიმართული იქნება სარისკო სიტუაციის თავიდან არიდებაზე ან მათი წარმოშობის ალბათობის შემცირებასა და შესაძლო დანაკარგების მინიმიზაციაზე.

კომპანიის რისკების მართვის ორგანო თვალყურს უნდა ადევნებდეს რისკების განვითარებას და განუწყვეტლივ აახლებდეს იმ რისკების ჩამონათვალს, რომლებსაც აწყდება კომპანია და მისი ქვეგანყოფილებები. ანგარიში, რომელიც  უნდა მომზადდეს რისკ-მენეჯერების მიერ, წარედგინება კომპანიის ხელმძღვანელობას, პირველ რიგში გენერალურ და ფინანსურ დირექტორს, მინიმუმ წელიწადში ორჯერ. დამკვირვებელთა საბჭოს წევრებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელმძღვანელობამ, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, უნდა განსაზღვროს კომპანიის ყველაზე ალბათური და მნიშვნელოვანი რისკებისადმი მისი მიდრეკილება და დამოკიდებულება.

ბოლო წლების განმავლობაში რისკების მართვის სფეროში მოხდა მნიშვნელოვანი  ცვლილებები. 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში რისკის დონის შემცირებისა და მასზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მრავალმა კომპანიამ, ფინანსური ანგარიშების მომზადების სფეროს საკონტროლო პროცედურების საფუძველზე, დააფინანსა თავისი პერსონალის პროფესიული გადამზადება, ასევე, პროცესების, ტექნოლოგიებისა და რისკების მართვის დახვეწა.

დასკვნა

ამრიგად, რისკების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბება და განვითარება საშუალებას აძლევს კომპანიას, დიდი სიზუსტით მოახდინოს რისკების წარმოშობის პროგნოზირება.  რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის მიუხედავად, საჭიროა კომპანიაში შემუშავდეს რისკებზე რეაგირების სტრატეგია.  რისკ-მენეჯმენტში გაწეული ინვესტიციების შეფასებამ აჩვენა, რომ მდგრად შედეგებსა  და წარმატებას მიაღწიეს მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებმაც შექმნეს რისკების მართვის სისტემა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თ. შენგელია,  ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები. თბ., 2013.
  2. ბენიძე ნანა, შონია ნანა, ბიწაძე ჯემალ. რისკები და დაზღვევა. თბილისი. საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, 2010.
  3. Новоженов  Д.  Первый  опыт  риск-менеджмента. Личный  опыт: Андрей Р. Ведуший риск-менеджер Hoffman La Roche Ltd. http://fd.ru/articles/30818-pervyy-opyt-risk-menedjmenta?rndlin=fa9838bb504980aa1f92686fc2aed4ef
  4.  Тонки Деккер. Корпоративное управление. Анализ рисков. http://www.ippnou.ru/article.php?idarticle=000539